top of page

აკრძალული წიგნების თარო

  • რეზი თარგამაძე
  • Jun 17, 2018
  • 3 min read

ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ადამიანის შემოქმედებითობას არანაირი საზღვრები არ აქვს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფერს ჩარჩოები დავუწესოთ. არსებობს შემთხვევები, როდესაც შემოქმედი ადამიანი იმდენად დიდზე წევს მისი შემოქმედების საზღვრებს, რომ მისი შემოქმედება ვიღაცისთვის მიუღებელი ხდება. ვიღაცა ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს კონკრეტული პიროვნება, შეიძლება იყოს მსგავსი აზრის მქონე ადამიანთა ჯგუფი, ან შესაძლებელია მასში იგულისმებოდეს მთელი ერი. დღეს მინდა შემოგთავაზოთ აკრძალული წიგნები, რომლებიც ზოგიერთ ქვეყანაში დღესაც სასტიკად აკრძალულია.

5) მეტამორფოზა - ფრანც კაფკა

ფრანც კაფკას საყოველთაოდ აღიარებული მცირე შედევრი. მოთხრობის მთავარი გმირი, გრეგორ ზამზა ერთ დილასაც გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ უზარმაზარ, ამაზრზენ მწერად ქცეულა. თავისთავად, ასეთი ხვედრი შესაშური არაა, მაგრამ ზამზასთვის უფრო მტანჯველი აღმოჩნდება დანაშაულის გრძნობა, რომ ასეთი მეტამორფოზის შემდეგ ოჯახის რჩენა აღარ შეუძლია. რომანი გამოცემისთანავე ძალიან დიდი კრიტიკის მსხვერპლი გახდა, იგი აიკრძალა როგორც ნაცისტურ გერმანიაში, ასევე საბჭოთა კავშირში.

4) და ვინჩის კოდი - დენ ბრაუნი

დენ ბრაუნის მისტიკურ-დეტექტიური სერია, რომელსაც სკანდალურმა "და ვინჩის კოდმა" მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი, რამდენიმე წიგნს აერთიანებს და თანამედროვე მსოფლიო ბესტსელერებში მყარად იკავებს ადგილს. "და ვინჩის კოდს", "დაკარგულ სიმბოლოსა" და "ანგელოზებსა და დემონებს" 2013 წელს "ინფერნო" შეემატა, რომლის მთავარი გმირი კვლავ ჰარვარდის ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი რობერტ ლენგდონია. ისტორიის ლაბირინთებსა და ხელოვნების ნიმუშებში ჩამალული საიდუმლოებების გამოაშკარავების ოსტატის, რობერტ ლენგდონის ახალი უცნაური თავგადასავალი ძირითადად იტალიაში მიმდინარეობს და ფონად დანტეს შემოქმედება გასდევს. მისი ამოცანა ამჯერადაც რთულია: უნდა გაშიფროს დანტეს შემოქმედების თაყვანისმცემელი უცნობი ბოროტმოქმედის მიერ დატოვებული მინიშნებები და მიაგნოს იდუმალ ადგილს, სადაც შესაძლოა კაცობრიობისთვის დამღუპველი დაავადების წყარო იმალებოდეს. რომანს გამოცემის დღიდან 11 კვირის განმავლობაში პირველი ადგილი ეკავა "ნიუ-იორკ ტაიმსის" ბესტსელერებში.

2004 წლის სექტემბერში ლიბანში სასტიკად აიკრძალა. ეს წიგნი ასევე აკრძალულ იქნა ქრისტიანულ სამყაროში მორწმუნეთა მიერ.

3) ცხოველების ფერმა - ჯორჯ ორუელი

ცხოველების ფერმა არის ჯორჯ ორუელის სატირული ალეგორია საბჭოთა ტოტალიტარიზმზე. გამოიცა 1945 წელს. წიგნის მთავარი მოვლენები დაფუძნებულია სტალინის ეპოქის ამბებზე. ორუელი, რომელიც თავად იყო დემოკრატიული სოციალისტი და დამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტიის წევრი, აკრიტიკებდა სტალინსა და მის რეჟიმს და უნდობლობით იყო განწყობილი სტალინიზმისმიმართ, გამოიარა რა სამოქალაქო ომი ესპანეთში.

ორუელის ნაწარმოებში საუბარია ცხოველებზე, რომლებმაც აჯანყება მოაწყვეს და ფერმიდან განდევნეს ადამიანები. მათ გადაწყვიტეს, საკუთარი მმართველობის სისტემა შექმნან და თავად მართონ ფერმა, მაგრამ, ამავე დროს, არანაირად არ დაემსგავსონ ადამიანებს. საერთო გადაწყვეტილებით, აკრძალული იყო ტანსაცმლის ჩაცმა, ადამიანივით საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება და სხვა ჩვევები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, ფერმა, განვითარებასთან ერთად, „ეცემოდა ადამიანის დონემდე“ და საბოლოოდ მისი ერთპიროვნულ მმართველს, ღორს სახელად „ნაპოლეონი“, უკვე ვერავინ არჩევდა ნამდვილი ადამიანებისგან.

რა თქმა უნდა წიგნი გამოცემისთანავე სასტიკად აიკრძალა საბჭოთა კავშირში. ასევე 2002 წელს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში წიგნი სკოლის სასწავლო პროგრამიდან ამოღებული იქნა. წიგნი დღესაც სასტიკად აკრძალულია ჩრდილოეთ კორეაში და ვიეტნამში.

2) თამაში ჭვავის ყანაში - ჯერომ სელინჯერი

თამაში ჭვავის ყანაში ან კლდის პირზე, ჭვავის ყანაში არის ამერიკელი მწერლის, ჯერომ სელინჯერის ყველაზე ცნობილი რომანი. გამოიცა 1951 წელს. რომანი გამოცემისთანავე იქცა კრიტიკის მსხვერპლად. ამის მთავარი მიზეზი კი წიგნში გამოყენებული ძალადობის სცენები იყო. კრიტიკოსები სელინჯერისგან ბოდიშის მოხდასაც კი მოითხოვდნენ აღნიშნული ნაწარმოების გამო. „თამაში ჭვავის ყანაში“ 1961-1982 წლებში აკრძალულ წიგნად ითვლებოდა.

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ეს რომანი ჯონ ლენონის მკვლელობის შემდეგ მოექცა. მომღერლის მკვლელს, მარკ დეივიდ ჩეპმენს, დაკავების დროს ხელში სწორედ სელინჯერის რომანი ეჭირა. ჩეპმენმა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ციტატაც მოიყვანა რომანიდან. აგრეთვე, სავარაუდოდ, რობერტ ჯონ ბარდომაც აღნიშნულ ნაწარმოებში ამოიკითხა მსახიობ რებეკა ლუის შეფერის მკვლელობის მოწოდება. ამ ორმა გახმაურებულმა საქმემ კიდევ უფრო გაზარდა მწერლისაკენ მიმართული კრიტიკა.

1) ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება - ნიკოს კაზანძაკისი

„ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება" ცნობილი ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის ყველაზე სკანდალური რომანია, რომელიც ვატიკანის აკრძალულ წიგნთა ნუსხაშია შეტანილი. ჯერ კიდევ ბერძნული გამოცემის გამოჩენამდე, საბერძნეთის სინოდი მწერლის განკვეთასა და ანათემაზე გადაცემას ითხოვდა, რის გამოც კაზანძაკისი იძულებული შეიქნა საბერძნეთიდან გადასახლებულიყო, თუმცა აკრძალვის მიუხედავად, რომანმა გამოცემისთანავე მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს; „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების" წინააღმდეგ ახალი ტალღა 1988 წელს აგორდა, როდესაც ეკრანზე მარტინ სკორსეზეს ამავე სახელწოდების ფილმი გამოვიდა. საბერძნეთის სასულიერო და საერო საზოგადოებამ ფილმის ბერძნული პრემიერის ჩაშლაც კი მოახერხა. ამის მიზეზი კი რომანისა და შესაბამისად, ფილმის შინაარსი გახდა.რომანში აღწერილია ქრისტეს ცხოვრების ბოლო წლები და ის გზა, რომელსაც იესო გადის, რათა საკუთარ თავში

ადამიანი დათრგუნოს და ღმერთი გააძლიეროს.

ხეზე მომუშავე ოსტატი, რომელიც თვითონ ამზადებს ჯვრებს საიმისოდ, რომ რომაელებმა მესიის მოლოდინში მყოფი მეამბოხე ებრაელები დასაჯონ, მთელი არსებით ებრძვის მასში ჩასახლებულ ღმერთსაც და სატანასაც. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოაჩენს, რომ თვითონაა მესია და ჯვარზეც თვითონ უნდა ავიდეს. კაცის ღმერთად ქცევის გზაზე მას უამრავი ცდუნება ელის.

წიგნის პრეზენტაციამ ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია ქრისტიანულ სამყაროში. წიგნი 2018 წელს, ახალი ბერძნულიდან ქართულად თარგმნა თათია მთვარელიძემ. წიგნი აკრძალულია ჩილეში, ფილიპინებში, ვატიკანში და სინგაპურში.

 
 
 

Comments


  • Facebook

©2018 by CyberBlow. Proudly created with Wix.com

bottom of page